დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 100 000 ქართველთა ხსენების დღეს, პანდემიის გამო, ტრადიციული მსვლელობა აღარ გაიმართება.
"ამ დღეს ტრადიციულად ეწყობოდა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელიც მეტეხის ხიდზე სრულდებოდა პარაკლისით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებითა და წყალზე ყვავილების მოფენით.
ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო წელს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება. 17:00 საათზე მხოლოდ მცირე პარაკლისი ჩატარდება და ყვავილების გვირგვინი ანთებული სანთლებით მტკვარში ჩაესვენება ქრისტესთვის წამებული ჩვენი წინაპრებისადმი მადლიერების ნიშნად", - ნათქვამია განცხადებაში.
ყოველი წლის 13 ნოემბერს აღინიშნება 100 ათასი წმინდანის დღე. გადმოცემის თანახმად, 1227 წელს თბილისში ჯალალ ად დინის შემოსევების დროს, იმდროინდელ მოსახლეობას მოსთხოვეს ქრისტიანობის უარყოფა და ხატების შეურაცხყოფა.
მას შემდეგ, რაც 100 ათასმა ქართველმა უარი თქვა ჯალალ ად დინის ბრძანების შესრულებაზე, მათ თავები მოჰკვეთეს და ცხედრები მტკვარში გადააგდეს.
ფოტო: არქივი