პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის კახა კოჟორიძის განცხადებით, "ლელოს" მიზანი და სურვილი იყო, პარლამენტში სამართლიანი არჩევნების საფუძველზე შესულიყო, თუმცა, მისივე თქმით, ეს არჩევანი ქართველ ხალხს და "ლელოს" ხელისუფლებამ წაართვა.
კახა კოჟორიძეს ამ ვითარებაში არ აქვს იმედი, თუმდაც მომავალი არჩევნები უკეთეს გარემოში ჩატარდეს.
"არავის არ გვსურს, რომ ის პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ჰქვია არჩევნები, მერე გაგრძელდეს ქუჩის პროტესტით. ამ პროცესში დამოუკიდებლები ვიყავით, დავიცავით ყველა რეგულაცია, ყველა კანონი და გვინდოდა ერთადერთი რამ, რომ შესულიყო სამართლიანი არჩევნების საფუძველზე ჩვენი პარტია პარლამენტში და მერე იქ 24 საათი ემუშავა საქართველოს რეფორმირებისთვის და გაძლიერებისთვის. მაგრამ, ეს არჩევანი ქართველ ხალხს, "ლელოსაც" და სხვა პარტიებსაც წაართვა "ქართულმა ოცნებამ". ამიტომ სამწუხაროა, რომ სხვა გზა არ დაგვიტოვა, გარდა იმისა, რომ ჩვენ ჩვენი ხმა, ჩვენი ღირსება, წართმეული მომავალი და ამ ქვეყნის უკეთესი პერსპექტივა დავიცვათ. ჩვენ თუ ამას შევეგუებით, მე ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდება უკეთესად", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.