ცესკოს კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია "ღამის კურიერში" აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მზად არის გაიაროს ყველა სამართლებრივი გზა. თამარ ჟვანიამ "რუსთავი 2-ის" ეთერში აღნიშნა, რომ შესაძლებელია, სასამართლოს მიერ იქნას ხმების გადათვლის მოთხოვნა წაყენებული, რასაც ცესკო მხარს უჭერს.
"ჩვენ ვაპირებთ პროცესი გავაგრძელოთ, დავასრულოთ 2020 წლის არჩევნები, გავიაროთ ყველა სამართლებრივი გზა, მათ შორის, ახლა სასამართლოებში მიდის მნიშვნელოვანი პროცესი, როდესაც ხდება გასაჩივრება და მათ შორის, შესაძლებელია იყოს გადათვლების მოთხოვნა სასამართლოების მიერაც, რასაც ჩვენ - ცენტრალური საარჩევნო კომისია პოზიციურად ვუჭერთ მხარს.
ჩვენ ამაზე ოფიციალური განცხადება გავაკეთეთ და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი პოზიციაა, რომ კი ბატონო, გადაგვეთვალა ყველა ის შედეგი, სადაც იყო საეჭვო, მნიშვნელოვანი, დასაბუთებული არგუმენტები და საეჭვო გადაცდომები და კიდევ ერთს ვიტყვი, ჩვენი არ სჯერათ გასაგებია, შესაძლოა, ეს იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, მაგრამ რატომ არ სჯერათ ეგზიტპოლების, რატომ არ სჯერათ ზუსტად იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პარალელური დათვლის, რომლებმაც იგივე შედეგი დადეს”, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.