თბილისში სომეხი და აზერბაიჯანელი სასულიერო პირების მონაწილეობით ერთობლივი ლოცვა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ავრცელებს.
"სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დაწყებიდან მეთვრამეტე დღეს მშვიდობის კათედრალმა გადაიხადა ერთობლივი ლოცვა მშვიდობისათვის კავკასიაში. ლოცვას სხვადასხვა აღმსარებლობის სასულიერო პირებთან ერთად, ესწრებოდნენ სომეხი და აზერბაიჯანელი სასულიერო პირები და მათი მრევლი.
საკითხავები იქნა წაკითხული სახარებიდან და ყურანიდან და ასევე ლოცვები აღვლენილ იქნა ქართულ, სომხურ, ეზიდურსა და არაბულ ენებზე. ლოცვას მეუფე მალხაზ სონღულაშვილთან ერთად უძღვებოდნენ შეიხი მირტაგ ასადოვი და მამა ნარეკ ქუშიანი.
სომეხმა და აზერბაიჯანელმა სასულიერო პირებმა მადლობა გადაუხადეს მშვიდობის კათედრალს სამშვიდობო ინიციატივისთვის. შეხვედრამ მშვიდობისა და შერიგების სულისკვეთებით ჩაიარა. სომეხმა და აზერბაიჯანელმა სასულიერო პირებმა გაცვალეს მშვიდობისა და შერიგების სულისკვეთებით განმსჭვალული სიტყვები", - ვკითხულობთ განცხადებაში.