საქართველოს თავდაცვის უწყებამ ესპანელი პარტნიორებისგან უპილოტო სადაზვერვო სისტემები შეიძინა, არსებული ძველი საფრენი აპარატები განაახლა და მოახდინა პერსონალის მომზადება/გადამზადება. დაიწო დაზვერვის ქვედანაყოფების ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით დაკომპლექტება, რომელიც ითვალისწინებს ამ ქვედანაყოფების აღჭურვას თანამედროვე ტაქტიკური და ოპერატიული უპილოტო სადაზვერვო სისტემებით.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანური უპილოტო სადაზვერვო სისტემები მარნეულის საავიაციო ბაზაზე დაათვალიერა და სადემონსტრაციო ფრენას დაესწრო.
"უპილოტო სადაზვერვო სისტემების განახლება და შეძენა საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
უპილოტო სადაზვერვო სისტემების განახლების გარდა, აქტიურად მიმდინარეობს საჰაერო თავდაცვის, ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების, თანამედროვე საარტილერიო და სადაზვერვო სისტემების შეძენა და ამ შესაძლებლობების განვითარება.
თანამედროვე სისტემების შეძენა, დანერგვა და განვითარება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ძირითადი პრიორიტეტებია.
აღნიშნული სისტემები მნიშვნელოვნად დაეხმარება თავდაცვის ძალებს სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებაში და ასევე, გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის წვრთნებსა და სამაშველო ღონისძიებებში", - ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.