ENG / RUS       12+

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები - ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, როგორც სუპერსახელმწიფოს მეთაური, დიდ გავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე, იმაზე თუ რა რეაგირებას ახდენს მსოფლიო საერთაშორისო კრიზისებზე - ომები, კონფლიქტები, გლობალური პანდემიები, კლიმატის ცვლილებები და სხვა.

ამიტომაც, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, როდესაც შეერთებულ შტატებში ახალ პრეზიდენტის ირჩევენ, წინასაარჩევნო კამპანია დიდ ინტერესს იპყრობს არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

გარდა ამისა, ამერიკის რთული საარჩევნო სისტემის გამო, დიდია ინტერესი იმის მიმართ, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა.

როდის ტარდება არჩევნები და ვინ მონაწილეობს მასში?

საპრეზიდენტო არჩევნები ყოველთვის ტარდება სამშაბათს, ნოემბრის პირველი ორშაბათის შემდეგ. ამჯერად, 2020 წელს ეს დღე 3 ნოემბერია.

ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ-ის პოლიტიკურ სისტემაში მხოლოდ ორი პარტია დომინირებს - რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტია. შესაბამისად, მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატები სწორედ ამ პარტიების მიერ არის ნომინირებული.

რესპუბლიკელები - აშშ-ის კონსერვატიული პარტია. მათი კანდიდატი წლევანდელ არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, რომელიც იმედოვნებს, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს.

რესპუბლიკური პარტია ასევე ცნობილია, როგორც "დიდი ძველი პარტია", GOP – Grand Old Party - ბოლო წლებში იგი მხარს უჭერს გადასახადების შემცირებას, იარაღის ტარების უფლებას და იმიგრაციის მკაცრ შეზღუდვებს. პარტიის მიმართ მხარდაჭერა უფრო ძლიერია ამერიკის სიღრმეში მდებარე ტერიტორიებზე, დიდ და სამრეწველოს ქალაქებს დაშორებულ რაიონებში. რესპუბლიკელთა ყოფილ პრეზიდენტებს შორის არიან ჯორჯ ბუში, რონალდ რეიგანი და რიჩარდ ნიქსონი.

დემოკრატები - ლიბერალური პოლიტიკური პარტია შეერთებულ შტატებში. მათი კანდიდატი არის ჯო ბაიდენი, გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში შეერთებული შტატების სენატორი და ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ჟამს, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

დემოკრატიულ პარტია ლიბერალური პოზიციებით გამოირჩევა სამოქალაქო უფლებების, იმიგრაციისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებში. ის ფიქრობს, რომ მთავრობამ უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ხალხის ცხოვრებაში, მაგალითად, ჯანმრთელობის დაზღვევის უზრუნველყოფა. პარტიის მიმართ მხარდაჭერა უფრო ძლიერია ამერიკის დიდ ქალაქებში. დემოკრატების ყოფილ პრეზიდენტებს შორის არიან ჯონ კენედი, ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა.

პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი 70 წელს გადაცილებულია. თუ ტრამპი არჩევნებში გაიმარჯვებს, თავისი მეორე ვადის დასაწყისში, ის 74 წლის იქნება, ხოლო ბაიდენი 78 წლისა, რაც მას ამერიკის ისტორიაში [პირველივ ვადით] ყველაზე ხანდაზმულ პრეზიდენტად აქცევს.

როგორ გამოვლინდება გამარჯვებული?

როგორც ჰილარი კლინტორის შემთხვევაში ვნახეთ 2016 წელს, გამარჯვებული ყოველთვის არ არის ის, ვინც ეროვნულ დონზე ამომრჩეველთა უფრო მეტ ხმას მიიღებს.
 

ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპის კონკურენტი იყო 2016 წლის საპრზიდენტო არჩევნებში, სადაც მან 3 მილიონი ხმით მეტი მიიღო ვიდრე ტრამპმა, მაგრამ საარჩევნო კოლეგიის 304 ხმა ტრამპს ერგო, რადგან მან მოგება შეძლო რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში. ჰილარი კლინტონმა საარჩევო კოლეგიის 227 ხმა მიიღო.
პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის გადამწყვეტია არა ამომრჩეველთა ხმები, არამედ საარჩევნო კოლეგია.

აშშ-ის პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც შედგება თითოეულ შტატში არჩეული წარმომადგენლებისაგან. კოლეგიაში ყოველ შტატს სხვადასხვა რაოდენობის წარმომადგენელი ჰყავს, რადგან ის დამოკიდებულია შტატების მოსახლეობის რაოდენობაზე.

საარჩევნო კოლეგიაში 538 წევრია, შესაბამისად გამარჯვებული ხდება ის, ვინც მოიპოვებს კოლეგიის წევრთა უმრავლესობის ხმებს, 270 ან მეტ ხმას.

საარჩევნო კოლეგიას და ზოგადად ამ სისტემას, ბევრი კრიტიკოსი ჰყავს შეერთებულ შტატებში, თუმცა ის დიდი პატივისცემით სარგებლობს ისტორიული ფესვების გამო, რომელიც შეერთებული შტატების დაფუძნებიდან იღებს სათავეს.

აქ მოქმედებს პრინციპი "ყველაფერი გამარჯვებულს მიაქვს" რადგან ამომრჩეველთა კოლეგიაში შტატებისათვის გათვალისწინებული ყველა ხმა გამარჯვებულ კანდიდატს მიაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხარდაჭერის მაჩვენებელი, ხშირ შემთხვევაში, მცირედით აღემატება დამარცხებული კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობას. 

პრეზიდენტის არჩევის აღნიშნული წესი არ გამორიცხავს პრეზიდენტად იმ კანდიდატის არჩევას, რომელმაც ქვეყნის საერთო მასშტაბით ნაკლები ხმა მიიღო.
შტატების უმეტესობას აქვს ძლიერი პოლიტიკური პრეფერენციები და ძირითადად ხმას აძლევს ერთ პარტიას, მაგალითად, კალიფორნია დემოკრატებს, ხოლო ტეხასი რესპუბლიკელებს. არსებობს მერყევი შტატები, რომლებიც ცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას პერიოდულობით, შესაბამისად საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია განსაკუთრებით სწორედ ამ მერყევი შტატებისკენ მიემართება.

ვის აქვს ხმის მიცემის უფლება და როგორ აღასრულებს ამ უფლებას?

შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის უფლება აქვს 18 წლის ან ზევით ასაკის აშშ-ის მოქალაქეს.

2016 წელს დაახლოებით 245 მილიონ ადამიანს ჰქონდა ხმის მიცემის უფლება, მაგრამ რეალურად მისცა ხმა 140 მილიონმა. აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს თანახმად, იმ ადამიანთა უმეტესობამ, ვინც არ დარეგისტრირდა ხმის მისაცემად, თქვა, რომ მათ უბრალოდ არ აინტერესებთ პოლიტიკა. ვინც დარეგისტრირდა, მაგრამ ხმა არ მისცა, მიუთითეს, რომ არ მოსწონთ კანდიდატები.

სხვადასხვა შტატში განსხვავებულად რეგულირდება ხმის მიცემის უფლება პატიმრებისთვის. უმრავლეს შემთხვევაში მსჯავრდებული კარგავს ხმის მიცემის უფლებას იმ წუთიდან, როდესაც მას სასამართლო დამნაშავედ ცნობს, მაგრამ სასჯელის მოხდის შემთხვევაში ხმის მიცემის უფლებაც აღდგება.

არჩევნების დღეს ადამიანთა უმეტესობა ხმას აძლევს საარჩევნო უბანზე, მაგრამ ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ხმის მიცემის ალტერნატიული მეთოდია. 2016 წელს ამომრჩეველთა 21% -მა ეს გააკეთა ფოსტით.

წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ხმის მიცემა ფოსტით უფრო აქტუალური გახდა. პრეზიდენტი ტრამპი მწვავედ აკრიტიკებს ფოსტით ხმის მიცემის მეთოდს და აცხადებს, რომ ამან შესაძლოა შედეგების გაყალბება გამოიწვიოს, თუმცა მას ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნებია?

არა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ყურადღება საპრეზიდენტო კანდიდატებზეა მიპყრობილი, ამომრჩეველი 3 ნოემბერს ასევე აირჩევს კონგრესის ახალ წევრებს.

კონგრსი - ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის საკანონმდებლო ორგანო. არის ორ პალატიანი. შედგება აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატისგან

წარმომადგენელთა პალატის წევრები აშშ-ის ყოველი შტატიდან აირჩევიან. თითოეული შტატისთვის წარმომადგენელთა რაოდენობა შტატის მოსახლეობის პროპორციულად განისაზღვრება. 1929 წელს მიღებული აქტით დღეს წარმომადგენელთა პალატის წევრების საერთო რაოდენობაა 435. წარმომადგენელთა პალატის არჩევნები იმართება ორ წელწადში ერთხელ.

სენატში თითოეულ შტატს ჰყავს ორი წარმომადგენელი, რომლებიც აირჩევიან ყოველი შტატიდან ექვსი წლის ვადით. ცალკეულ შტატში არჩევნების ჩატარების დრო და წესები განისაზღვრება შტატის კანონმდებელი კრების და აშშ-ის კონგრესის მიერ. შედეგად ყოველ ორ წელწადში არჩევნები ტარდება სენატის ადგილების დაახლოებით ერთი მესამედის დასაკავებლად.

ამჟამად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატების ხელშია, ამიტომ ისინი შეეცდებიან მასზე კონტროლის შენარჩუნებას, ხოლო სენატში უმრავლესობის მოპოვებას შეეცდებიან.

თუ დემოკრატები კონგრესის ორივე პალატაში მოიპოვებენ უმრავლესობას, მათ შეეძლებათ დაბლოკონ ან გააჭიანურონ პრეზიდენტ ტრამპის ნებისმიერი გეგმა, თუ რა თქმა უნდა, ის გახდება პრეზიდენტი.

3 ნოემბერს ამომრჩევლებმა უნდა აირჩიონ 435 კონგრესმენი და 33 სენატორი.

როდის შევიტყობთ შედეგებს?

ყველა ხმის დათვლას შესაძლოა რამდენიმე დღე და კვირაც დასჭირდეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სავარაუდოდ, ბევრი ამომრჩეველი ხმას ფოსტით მისცემს. მაგრამ როგორც წესი იმავე საღამოს, ან მეორე დილით უკვე გამოკვეთილია გამარჯვებული.

შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის ორი გზა არსებობს: არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისვლა ან საფოსტო ბიულეტენის გამოყენება. ამასთან, სხვადასხვა შტატს განსხვავებული წესები აქვს.

ფოსტით ხმის მიცემის გარკვეულ შესაძლებლობას ამომრჩეველს ყველა შტატი აძლევს, მაგრამ ბევრი მათგანი ითხოვს, რომ ამომრჩეველმა დაასაბუთოს მიზეზი, თუ რატომ ვერ მიდის საარჩევნო უბანზე.

ზოგიერთ შტატში, კორონავირუსის პანდემია მიჩნეულია დასაბუთებულ მიზეზად იმისა, რომ ამომრჩეველი ვერ მიდის საარჩევნო უბანზე, მაგრამ ყველგან არა.

ბოლო შემთხვევა, როდესაც გამარჯვებულის ვინაობა საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში არ გახდა ცნობილი, 2000 წელს მოხდა. მაშინ საპრეზიდენტო კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ლოდინი მოუხდათ.

2000 წელს საპრეზიდენტო კანდიდატები ჯორჯ ბუში და ალ გორი იყვნენ. გადამწყვეტი როლი არჩევნების შედეგებზე ფლორიდის შტატმა ითამაშა. ამ შტატში მცირედი უპირატესობით ჯორჯ ბუში იმარჯვებდა. არჩევნებიდან სამ კვირაში ფლორიდაში გამარჯვებულად ჯორჯ ბუში გამოცხადდა, რომელაც ამომრჩეველთა კოლეგიაში 25 ხმა მიიღო; ამით კი მან მთლიანად საარჩევნო კოლეგიაში 271 ხმა მოაგროვა.

არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამო, ალ გორმა და დემოკრატიულმა პარტიამ შედეგები გაასაჩივრა, რის შემდეგაც ფლორიდის უზენაესმა სასამართლომ ხმების ხელახლა გადათვლა მოითხოვა. მოგვიანებით, საქმეში შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო ჩაერია, რომელმაც განაცხადა, რომ საარჩევნო კოლეგიის ხელახლა შეხვედრამდე ხმების გადასათვლელად დრო აღარ რჩებოდა. 

რამდენიმე დღეში შეკრებილმა საარჩევნო კოლეგიამ არჩევნები ოფიციალურად ცნო ჩატარებულად. ჯორჯ ბუში უმცროსი შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდნეტი გახდა. ალ გორმა აღიარა მარცხი. მართალია, ალ გორმა სახალხო არჩევნები მოიგო, თუმცა ჯორჯ ბუშმა ის ამომრჩეველთა კოლეგიაში დაჯაბნა.

როდის ხდება გამარჯვებული პრეზიდენტი?

თუ ჯო ბაიდენი არჩევნებში გაიმარჯვებს, იგი დაუყოვნებლივ არ შეცვლის პრეზიდენტ ტრამპს, რადგან კანონი განსაზღვრავს გარდამავალ პერიოდს, რომლითაც არჩეულ პრეზიდენტს მიეცემა დრო მინისტრების დანიშვნისა და მისი პირველი გეგმების შემუშავებისთვის.

ახალი პრეზიდენტი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად 20 იანვრიდან შეუდგება, როდესაც მისი ინაუგურაცია ჩატარდება. 

ინაუგურაცია ტრადიციულად ვაშინგტონში, კონგრესის შენობასთან, კაპიტოლიუმის კიბეებზე ტარდება.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, ახალი პრეზიდენტი გაეშურება თეთრ სახლში, სადაც მას ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი უმასპინძლებს.

მომზადებულია BBC-ის მასალებზე დაყრდნობით.

ფოტოები: Vanity Fair, The Telegraph