რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთმა იმისთვის, რათა სახელმწიფოდ შემდგარიყო, რთული გზა გაიარა". ზახაროვას კომენტარს გამოცემა "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
"გასულ წლებში რესპუბლიკა უდაოდ, შედგა როგორც სუვერენული სახელმწიფო, მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების სისტემის ფორმირების საქმეში, ეკონომიკისა და სოციალურ სფეროებში. ამას მოწმობს კერძოდ, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების არაერთი თავისუფალი ნების გამოხატვა სხვადასხვა დონის არჩევნებზე, კენჭისყრის დემოკრატიული პროცედურების ფარგლებში. მშპ-ის თითქმის ორმაგი ზრდა ბოლო 6 წელიწადში და სხვა მაჩვენებლები", - აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთის აქტიური მოქმედებების შედეგად აღდგენილია სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები, "მათ შორის ისინიც, რომლებიც საქართველოს მხრიდან განხორციელებული აგრესიის დროს დაინგრა".
მისივე თქმით, რუსეთი აქტიურად უწყობს ხელს სამხრეთ ოსეთის საგარეო პოლიტიკის გაძლიერებასა და მისი საერთაშორისო კავშირების გაფართოებას.
"დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის, აფხაზეთის, ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს, ტუვალუსა და სირიის გარდა, რომლებმაც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს, იმ ქვეყნების წრე, რომლებიც მიუკერძოებლად ეკიდებიან სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, შემდგომშიც გაფართოვდება", - აღნიშნა ზახაროვამ.