რისკის შემცველად იქნა მიჩნეული საარჩევნო კაბინის ფარდები, რის გამოც, კაბინები განლაგდება სხვაგვარად და იქნება ფარდების გარეშე, ამასთანავე, დაცული იქნება ხმის მიცემის ფარულობა, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ "ღამის კურიერის" ეთერში.
მისი თქმით, ყველა ამომრჩეველი, ვინც მივა საარჩევნო უბანზე შეძლებს, რომ მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა ტემპერატურა.
"ჩვენი გეგმა ნამდვილად არის ასეთი, რომ ინდივიდუალური პასტები შევთავაზოთ ამომრჩევლებს, ასევე, ჩვენ ამომრჩეველს აუცილებლად მოვთხოვთ პირბადის ტარებას, იმიტომ რომ მათ დახურულ შენობაში უწევთ ხმის მიცემა და ეს იქნება სავალდებულო მოთხოვნა. თუმცა, პირბადის მოხსნის ვალდებულება ექნებათ 2 შემთხვევაში, შესასვლელთან და რეგისტრატორთან, როცა მათი იდენტიფიცირება არის მნიშვნელოვანი არჩევნების სანდოობისთვის. ამავდროულად კომისიის წევრებზე ვგეგმავთ მოთხოვნას, როგორც პირბადეების ასევე ხელთათმანებით მუშაობისა. ჩვენ გვექნება პირბადე, თუ ამომრჩეველი მოვა პირბადის გარეშე, ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.