გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ოქტომბრიდან თვითზიოლაციის რეჟიმის შეწყვეტას და ბუკინგემის სასახლეში აუდიენციების გამართვას გეგმავს. ინფორმაციას სამეფო რეზიდენციის პრეს-სამსახური ავრცელებს.
"მისი უდიდებულესობის საშემოდგომო პროგრამის დამტკიცების შემდეგ, ის გეგმავს ოქტომბერში უინძორის სასახლეში დაბრუნებას და ბუკინგემის სასახლის გამოყენებას ცალკეული ღონისძიებისა და აუდიენციის გასამართად", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ეს გეგმები საბოლოო არ არის და ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ცვლილებების შემთხვევაში კორექტირდება.
მომდევნო კვირას დედოფალი ინგლისში შოტლანდიიდან დაბრუნდება, სადაც მან ბალმორალის სასახლეში ბოლო ერთი თვე გაატარა.
კორონავირუსის პანდემიის გამო დედოფალი და მისი მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი მარტის შუა რიცხვებიდან თვითიზოლაციის რეჟიმს იცავდა.
შოტლანდიაში ზაფხულის ტრადიციულ მოგზაურობამდე, დედოფალსა და მის მეუღლეს უინძორის სასახლე არ დაუტოვებიათ.
პანდემიის დაწყებიდან მისმა უდიდებულესობამ ჩაწერა ორი ვიდეომიმართვა და ონლაინმონაწილეობა მიიღო ოფიციალურ ღონისძიებებში. პირადად დაესწრო შვილიშვილის იორკის პრინცესა ბეატრისის ქორწილს, რომელიც ცოლად გაყვა ბრიტანელ ბიზნესმენს, იტალიელი დიდგვაროვანი ოჯახის შთამომავალს ედოარდო მაპელი-მოცის. ცერემონია 17 ივლისს სასახლის ტერიტორიაზე სოციალური დისტანციის დაცვით გაიმართა.
ამ დროისათვის მონარქის გარემოცვა შედგება რამდენიმე ათეული ადამიანისგან, რომლებსაც, ისევე, როგორც სამეფო წყვილს, შეზღუდული აქვთ კონტაქტები გარე სამყაროსთან, მათ შორის თავიანთი ოჯახის წვერებთანაც.