კოსოვოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.
ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 2 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა.
ქვეყანაში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური სერბები ცხოვრობენ.
2008 წლის თებერვალში ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ეს პირველი არჩევნებია. მას 1000-მდე უცხოელი დამკვირვებელი ადევნებს თვალს.
მთავრობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
ექსპერტების შეფასებით, არჩევნები კოსოვოს დემოკრატიისთვის სერიოზული გამოცდა იქნება.