საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც ქართული ჯარის კვების რაციონის გამრავალფეროვნებასა და მზარეულების გადამზადებას ისახავდა მიზნად, წარმატებით დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილი წეროვანში თავდაცვის ძალების შეფმზარეულების მასტერკლასს დაესწრო და მათ მიერ მომზადებული ახალი კერძები სამხედროებთან ერთად დააგემოვნა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სექტემბრიდან, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებს კიდევ უფრო განახლებული და გაუმჯობესებული მენიუ ექნებათ.
პროექტი, რომელიც თავდაცვის ძალების მზარეულებისთვის მასტერკლასებსა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავდა მიზნად, 1 ივლისს დაიწყო. თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ სასადილოებში მომუშავე მზარეულებს მასტერკლასებს საქართველოში ცნობილი შეფმზარეულები - ლევან კობიაშვილი, ლუკა ნაჭყებია, მანუელ ფაუნდეს ბარანდა და მაია კაციაშვილი ორი თვის განმავლობაში უტარებდნენ. თავდაცვის ძალების მზარეულებმა თეორიული, ასევე, პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს და მიღებული ცოდნის საფუძველზე, ჯარის მენიუში არსებული კერძები დახვეწეს. პროექტში თავდაცვის ძალების 30 შეფმზარეული მონაწილეობდა. ისინი სპეციალურ სერტიფიკატებს და ფულად ჯილდოს მიიღებენ.