აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 28 წელი გავიდა.
28 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, რომელიც ომში გადაიზარდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა ე.წ. "აფხაზურმა გვარდიამ", ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.
აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა ვლადისლავ არძინბასთან 11 აგვისტოს მიღებული შეთანხმებით გადაწყდა, თუმცა ე.წ. "აფხაზურმა გვარდიამ" საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებსა და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.
საომარ მოქმედებებში ავიაცია, არტილერია და ტანკები ჩაერთო.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. 1992 წლის 3 სექტემბერს, მოსკოვში ედუარდ შევარდნაძე და ბორის ელცინი შეხვდნენ ერთმანეთს. ხელი მოეწერა დოკუმენტს ცეცხლის შეწყვეტის, აფხაზეთიდან ქართული სამხედრო ტექნიკის გაყვანისა და დევნილების დაბრუნების შესახებ. დოკუმენტის პირობები არ შესრულებულა და აფხაზეთში საომარი შეტაკებები ისევ გაგრძელდა.
1993 წლის დასაწყისისათვის ე.წ. აფხაზურმა ძალებმა ე.წ. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტითა და საქართველოს მიერ ჯარის გაყვანის ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებით ისარგებლეს, და მოულოდნელი შეტევით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი გაგრა აიღეს.
იმავე წელს, კვლავ ომის შეწყვეტის ხელშეკრულება დაარღვიეს და 16 სექტემბერს მათ მიერვე დაწყებულ შეტევას 27 სექტემბრისთვის უკვე აფხაზეთზე მათი სრული კონტროლის დამყარება მოყვა.
1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმს მთლიანად აფხაზური მხარე აკონტროლებდა.
ქართული სამხედრო ძალები იძულებულნი გახდნენ, აფხაზეთი დაეტოვებინათ.
1994 წლის 14 მაისს მოსკოვში ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე კიდევ ერთი ხელშეკრულება დაიდო. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.
დაუზუსტებელი მონაცემებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს 16 ათასი ადამიანი დაიღუპა, 10 000 ქართველი და 4 000 აფხაზი. ომამდე რეგიონში 537 000 მოქალაქე ცხოვრობდა, დღეს აფხაზეთიდან 300 ათასამდე ათასი დევნილია.