საპატრიარქო მხარს უჭერს კომპენსაციების გადახდას ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის რომელთაც საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზარალი. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ა.წ. 14 ივლისს ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში კავშირი "21-ე საუკუნის" ინიციატივით შედგა ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც იღებდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობის #117 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტს, რაც ითვალისწინებს კომპენსაციის მიცემას ყველა იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზარალი.
ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის მხარს უჭერდა ზემოაღნიშნულის განხორციელებას. ეს პოზიცია არაერთხელ იქნა გაჟღერებული ჩვენ მიერ და ვიმედოვნებთ, იგი რეალობად მალე იქცევა", - ნათქვამია განცხადებაში.