თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის პრესსპიკერის, იბრაჰიმ კალინის განცხადებით აია სოფიაში არსებულ ქრისტიანულ მოზაიკურ ფრესკებს არაფერი ემუქრება და შენარჩუნდება ისეთივე სახით, როგორც ეს ბოლო 500 წლის განმავლობაში იყო.
იბრაჰიმ კალინმა ასე უპასუხა CNN-ის წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას, შეინარჩუნებდნენ თუ არა აია სოფიაში გამოსახული მოზაიკური ფრესკები თავიანთ იერს.
"ისინი იქნება დაცული სწორედ ისე, როგორც მას ვიცავდით ბოლო 500 წლის განმავლობაში. მოზაიკები ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ამ შესანიშნავ მოზაიკურ ფრესკებზე გამოსახულია იესო ქრისტე, მარიამ ღვთისმშობელი და სხვა ქრისტიანები. მათ დავიცავთ, ისინი ხელშეუხებელნი არიან.
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მუსლიმური ლოცვების დროს ისინი დაფარული იყოს, თუმცა მათ არ შევეხებით. ყველას, მორწმუნეებს, უწრუმოებს, ტურისტებს, ბუდისტებს, ქრისტიანებს თუ ათეისტებს შესაძლებლობა მიეცემათ მოინახულონ აია სოფია, როგორც ეს ადრე ხდებოდა", - განაცხადა იბრაჰიმ კალინია.
თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ 10 ივლისს გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება აია სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ. ამ გადაწყვეტილებისთანავე პრეზიდენტმა ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას ტაძრის მეჩეთად გადაქცევისა და იქ მუსლიმური ღვთისმსახურების დაწყების შესახებ.
აია სოფიაში მუსლიმური ღვთისმსახურება 24 ივლისიდან დაიწყება.