ბასტილიის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი პარიზში გამართულ კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას. იუწყება საფრანგეთში საქართველოს საელჩო.
საელჩოს ინფორმაციით, კონცერტი პარიზში, მარსის მოედანზე გაიმართება და პარიზის დროით 20:00 საათზე დაიწყება. კონცერტი გადაიცემე ტელევიზიისა და რადიოს მეშვეობით.
დღეს, 14 ივლისს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ეროვნული დღესასწაული, ბასტილიის დღე აღინიშნება.
ბასტილიის დღე, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული, აღინიშნება ყოველი წლის 14 ივლისს, 1790 წლის ამ დღეს გამართული ფედერაციის დღესასწაულის (Fête de la Fédération) მოსაგონებლად, რომელიც 1789 წლის 14 ივლისს ბასტილიის აღების პირველ წლისთავზე გაიმართა.
ბასტილიის ციხე, რომელიც სახელმწიფო დამნაშავეების პატიმრობის ადგილი იყო, 1789 წლის 14 ივლისს შტურმით აიღეს საფრანგეთის რევოლუციის დროს.
კორონავირუსის პანდემიის გამო წლევანდელი ღონისძიება გასულ წლებთან შედარებით მოკრძალებული მასშტაბისა იქნება.