სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 12 მოციქულის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედო ტაძარში იქადაგა.
"გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, - სვეტიცხოვლობას, ათორმეტი მოციქულის დღესასწაულს. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა”.
დიდება უფალს და მადლობა უფალს!
ჩვენ როცა ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე, ვრწმუნდებით, რომ საქართველო განსაკუთრებულ მფარველობის ქვეშ, ღვთის მფარველობის ქვეშ არის. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.
აი წარმოიდგინეთ თქვენ, საქართველოში ჩამოაქვთ ხალენი ილია წინასწარმეტყველისა, საქართველოში ჩამოაქვთ კვართი უფლისა, საქართველო ხდება წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. რა დავიმსახურეთ, რით დავიმსახურეთ? ჩემი აზრით, ეს არის წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა, მადლი ღვთისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს წყალობა. ჩვენ უნდა მადლობა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. ადამიანმა უნდა იგრძნოს მადლი ღვთისა. უნდა მადლობა შესწიროს უფალს.
მოციქულები იყვნენ მეთევზეები; მაცხოვარი ირჩევს არა მეცნიერებს, არა განათლებულ ხალხს, არამედ უბრალო ადამიანებს, უბრალო ადამიანში შედის მადლი ღვთისა.
წყალობა ღვთისა და მადლი ღვთისა მოეფინა 12 მოციქულს, მაგრამ ერთმა ვერ დააფასა, ვერ სცნო მადლი, უარყო მადლი და ამიტომაც დაისაჯა, უფრო სწორედ თვითონ დასაჯა თავისი თავი.
აი დღეს ჩვენ მოხარულნი და ბედნიერნი ვართ, რომ ვხვდებით ჩვენს მორმწუნეებს, რომელთაც გამოიარეს წმინდა ნინოს გზა. ეს მემგონი 32-ე შემთხვევაა და 32 თუ 33 ადამიანი მოდიოდა ლოცვით და ვედრებით. ლოცულობდნენ საქართველოს გადარჩენისათვის და მსოფლიოსათვის და მინდა დავლოცო ისინი.
(ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, რატომ ხდება ეს. გადმოსცემენ, რომ კორონა ეხლა მოედო შუა აზიის ხალხს. ღმერთმა ყველას უშველოს, ყველას დაეხმაროს. ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი).
ესაც საკვირველია, როგორ შეძლო ამ მცირეწლოვანმა ქალწულმა, წმინდა ნინომ გამოევლო ეს შორი გზა, მაგრამ წყალობა ღვთისა გამოვლინდება უძლურებაში და გამოვლინდა კიდეცა.
წმინდა ნინო გწყალობდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს და მთელს მსოფლიოს. ჩვენთან არს ღმერთი! წმინდა ნინოს გზის მომლოცველთ სიგელები დაურიგდებათ", - განაცხადა პატრიარქმა.