რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ის ძლიერ დაამწუხრა თურქეთის გადაწყვეტილებამ აია სოფიას სტატუსთან დაკავშირებით.
"მე ვფიქრობ სტამბოლზე, ვფიქრობ აია სოფიაზე და ძლიერ დამწუხრებული ვარ", - განაცხადა რომის პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო ქადაგებისას.
სხვა კომენტარი აია სოფიას სტატუსთან დაკავშირებით რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს, არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მუსტაფა ქემალ ათათრურქის 1934 წლის დეკრეტი აია სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ. ამის შემდეგ რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ.
აია სოფია, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ქრისტიანული ბიზანტიისა და მუსლიმური ოტომანთა იმპერიის შუაგულში მდებარეობდა, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ძეგლია.
1453 წელს ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე, აია სოფია კონსტანტინოპოლში აღმართულ ქრისტიანობის სიმბოლოდ 900 წლის განმავლობაში რჩებოდა.
აია სოფია მუზეუმად 1934 წელს, თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათა თურქის მმართველობის დროს გადაკეთდა.