პეტრეპავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ აღავლინა.
მეუფე შიომ პეტრეპავლობის დღესასწაული მრევლს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიულოცა.
"ჩვენ ერთობით უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე ჩვენს მამასა და მეუფეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ვინაიდან იგი არის თანამედროვე ქართული ეკლესიის მშენებლობის მთავარი, ყველაზე მძლავრი ლოდი, დიდი წინამძღოლი.
მისი მოღვაწეობიდან ჩანს, რაოდენ უხვი და მადლმოსილია. თუნდაც ბოლო მოვლენების ჟამს, პანდემიის პერიოდში გამოჩნდა, რომ მისი წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ დაამოწმა მთელი მსოფლიოს წინაშე ჭეშმარიტება და ჭეშმარიტი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი, დიდი სულიერი ამოცანისადმი, რომელიც მთელი ერის წინაშე იდგა. ღმერთმა გაახაროს ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, გააძლიეროს და მრავალსა წელს, მრავალ ჟამს ყოფილიყოს მისი წინამძღოლობა" ,- აღნიშნა პატრიარქის თანამოსაყადრემ.
ქადაგების ტექსტს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.