შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში და ამავე კომიტეტის დემოკრატი წევრი, სენატორი ბობ მენენდესი აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
"აია სოფია, სტამბოლში მდებარე ეს ძეგლი ღრმა სულიერი დატვირთვისა იყო ადამიანებისთვის მთელი მსოფლიოდან. თითქმის საუკუნის განმავლობაში, თურქეთი ინარჩუნებდა ამ შესანიშნავს ძეგლს, როგორც მუზეუმს, თუმცა პრეზიდენტ ერდოღანის მიერ ხელმოწერილი განკარგულება მას მეჩეთად აქცევს.
მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილებას აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ. თავისი ისტორიის განმავლობაში აია სოფია იყო ადგილი როგორც მუსლიმი, ასევე ქრისტიანი მორწმუნეებისთვის, ხოლო ბოლო ათწლეულების განმავლობაში ის ღია იყო ყველა სარწმუნოების ადამიანისთვის.
ერდოღანის ეს გადაწყვეტილება ღრმად შეურაცხყოფს ქრისტიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
დაჟინებით მოვუწოდებთ ერდოღანს, რომ გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და შეინარჩუნოს აია სოფიას სტატუსი, როგორც რელიგიურად ნეიტრალური მუზეუმი, რათა ყველა მრწამსის ადამიანს შეეძლოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ამ შესანიშნავი ძეგლით ტკბობა", - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
შეგახსენებთ, დღეს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მუსტაფა ქემალ ათათრურქის 1934 წლის დეკრეტი აია სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ. ამის შემდეგ რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ.
აია სოფია, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ქრისტიანული ბიზანტიისა და მუსლიმური ოტომანთა იმპერიის შუაგულში მდებარეობდა, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ძეგლია.
1453 წელს ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე, აია სოფია კონსტანტინოპოლში აღმართულ ქრისტიანობის სიმბოლოდ 900 წლის განმავლობაში რჩებოდა.
აია სოფია მუზეუმად 1934 წელს, თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათა თურქის მმართველობის დროს გადაკეთდა.