აია სოფიაში 1934 წლის შემდეგ პირველი მუსლიმური ღვთისმსახურება აია სოფიაში 24 ივლისიდან აღესრულება. ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
მისი განცხადებით, აია სოფიაში შესვლა უფასო იქნება.
"აია სოფიას კარი ღია იქნება ყველასთვის, ადგილობრივი მოსახლეობისა და უცხოელებისთვის, მუსლიმებისა და არამუსლიმებისთვის", - დასძინა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, დღეს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მუსტაფა ქემალ ათათრურქის 1934 წლის დეკრეტი აია სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ. ამის შემდეგ რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ.
აია სოფია, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ქრისტიანული ბიზანტიისა და მუსლიმური ოტომანთა იმპერიის შუაგულში მდებარეობდა, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ძეგლია.
1453 წელს ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე, აია სოფია კონსტანტინოპოლში აღმართულ ქრისტიანობის სიმბოლოდ 900 წლის განმავლობაში რჩებოდა.
აია სოფია მუზეუმად 1934 წელს, თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათა თურქის მმართველობის დროს გადაკეთდა.