იუნესკო - გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია, გაეროს სპეციალიზებული სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოხატავს აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილების გამო. ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულემ თავისი შეშფოთება იუნესკოში თურქეთის წარმომადგენელს უკვე გაუზიარა.
"იუნესკოს გენერალური დირექტორი ღრმა წუხილს გამოხატავს თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიიღეს წინასწარი დიალოგის გარეშე, აია სოფიას სტატუსის შესაცვლელად", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მუსტაფა ქემალ ათათრურქის 1934 წლის დეკრეტი აია სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ. ამის შემდეგ რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ.
აია სოფია, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ქრისტიანული ბიზანტიისა და მუსლიმური ოტომანთა იმპერიის შუაგულში მდებარეობდა, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ძეგლია.
1453 წელს ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე, აია სოფია კონსტანტინოპოლში აღმართულ ქრისტიანობის სიმბოლოდ 900 წლის განმავლობაში რჩებოდა.
აია სოფია მუზეუმად 1934 წელს, თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათა თურქის მმართველობის დროს გადაკეთდა.