თურქეთის სახელმწიფო საბჭოს, იგივე თურქეთის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აია სოფია მეჩეთად გადაკეთდება. ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.
"თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მუსტაფა ქემალ ათათრურქის 1934 წლის დეკრეტი აია სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მეჩეთად გადაკეთებისთვის ყველა გზა ხსნილია", - აცხადებს ტელეკომპანია.
შეგახსენებთ, 29 მაისს, კონსტანტინოპოლის დაცემის წლისთავზე, აია სოფიაში ყურანის კითხვა გაიმართა. ერთი კვირის შემდეგ, კი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მმართველი მართლმსაჯულებისა და განვითარების პარტიის ცენტრალურ კომიტეტს დაავალა შეისწავლონ აია სოფიას მეჩეთად გადაქცევის შესაძლებლობა.
აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხი 2 ივლისს განიხილა თურქეთის სახელმწიფო საბჭომ, რომელმაც გადაწყვეტილების გამოტანის თარიღად 17 ივლისი დაასახელა.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის ინიციატივა, აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ, არაერთმა პოლიტიკურმა და რელიგიურმა ლიდერმა გააკრიტიკა, მათ შორის მსოფლიო პატრიარქმა, ბართოლომეოსმა, ასევე საბერძნეთმა, საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მოუწოდა თურქეთს, სტამბოლში მდებარე აია სოფიას ტაძარი შეინარჩუნოს, როგორც მუზეუმი და მეჩეთად არ გადააკეთოს.
თურქეთი აცხადებს, რომ აია სოფიას სტატუსის განსაზღვრა თურქეთის შიდა საქმეა და ამ საკითხის შესახებ გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება აღიქმება, როგორც თურქეთს სუვერენიტეტზე თავდასხმა.
აია სოფიას სტატუსთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მიესალმებიან თუ აია სოფია მუზეუმის სტატუსს შეინარჩუნებს.
აია სოფია, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ქრისტიანული ბიზანტიისა და მუსლიმური ოტომანთა იმპერიის შუაგულში მდებარეობდა, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ძეგლია.
1453 წელს ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე, აია სოფია კონსტანტინოპოლში აღმართულ ქრისტიანობის სიმბოლოდ 900 წლის განმავლობაში რჩებოდა.
აია სოფია მუზეუმად 1934 წელს, თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათა თურქის მმართველობის დროს გადაკეთდა.