შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მოუწოდა თურქეთს, სტამბოლში მდებარე აია სოფიას ტაძარი შეინარჩუნოს, როგორც მუზეუმი და მეჩეთად არ გადააკეთოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, შეინარჩუნოს აია სოფია, როგორც მუზეუმი. მათი ვალდებულებაა პატივი სცენ ტრადიციებსა და მრავალფეროვან ისტორიას, რომელმაც შექმნა თურქეთის რესპუბლიკა და ხელი შეუწყონ იმას, რომ ტაძარი ხელმისაწვდომი და ღია იყოს ყველასთვის", - განაცხადა მაიკ პომპეომ.
აია სოფია, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ქრისტიანული ბიზანტიისა და მუსლიმური ოტომანთა იმპერიის შუაგულში მდებარეობდა, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ძეგლია.
1453 წელს ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე, აია სოფია კონსტანტინოპოლში აღმართულ ქრისტიანობის სიმბოლოდ 900 წლის განმავლობაში რჩებოდა.
აია სოფია მუზეუმად 1934 წელს, თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათა თურქის მმართველობის დროს გადაკეთდა.
29 მაისს, კონსტანტინოპოლის დაცემის წლისთავზე, აია სოფიაში ყურანის კითხვა გაიმართა. ერთი კვირის შემდეგ, კი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მმართველი მართლმსაჯულებისა და განვითარების პარტიის ცენტრალურ კომიტეტს დაავალა შეისწავლონ აია სოფიას მეჩეთად გადაქცევის შესაძლებლობა.