ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას. ამის შესახებ ლინკევიჩუსი მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს.
"მივესალმები საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის დამტკიცებას, რაც გააძლიერებს დემოკრატიასა და საპარლამენტო პლურალიზმს. პროპორციული წარმომადგენლობა და მრავალფეროვანი პოლიტიკური მოსაზრებებისთვის კარის გახსნა არის დადებითი და წინგადადგმული ნაბიჯი, მით უფრო მოსალოდნელი არჩევნების ფონზე", - დაწერა ლიეუტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" რიგგარეშე სესიის 29 ივნისის პლენარული სხდომაზე 117 ხმით, საბოლოო - მესამე მოსმენით მიიღო.
კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან.
გარდა ამისა კონსტიტუციური კანონის პროექტით რეგულირდება პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილებასთან, საარჩევნო ბარიერთან და ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებული საკითხები.