შვილებს უნდა ასწავლოთ, გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს სულს ეშმაკს. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.
"დღეს სახარება გვეუბნება ჩვენ იმის შესახებ, თუ რა არის მთავარი. ადამიანმა უნდა იფიქროს, რა არის მთავარი, რა არის მარადიული და რა არის დროებითი. სასუფეველი ღვთისა არის მთავარი, დაუსრულებელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მკვიდრი გავხდეთ სასუფევლისა...
ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დღეს დაასაფლავეს 11 წლის ბიჭი, რომელმაც მოიკლა თავი. რომ ჰკითხო, რატომ მოიკალი თავიო, ვერ გეტყვის. ეშმაკი სდევდა. გალაკტიონს აქვს გამონათქვამი, - ბავშვობიდან თავის მოკვლა მინდოდაო. იმდენი სდია, იმდენი ეცადა, რომ მოიკლა თავი. ღმერთმა ყველა დაიფაროს. როგორც კი მოვა ასეთი აზრი, ადამიანი უნდა წავიდეს მოძღვართან, აღსარებაში უნდა უთხრას, აღსარების საშუალებით განიდევნება. გალაკტიონმა არ გააკეთა ეს, მაგრამ გალაკტიონს ჰქონდა სულიერი გადახრები. გახსოვთ, ტერენტი გრანელი რას ამბობს, - გალაკტიონში არის დემონი და ჩემში ანგელოზიო.
ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს. შვილებს უნდა ასწავლოთ, უნდა გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს სულს ეშმაკს.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ღმერთმა დაგვიფაროს! ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე, რთულ დროს, უნდა გქონდეთ სახლში ნაკურთხი წყალი და ნახშირი, საკმეველი. ყოველდღე აუცილებლად უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს საწოლს, თქვენს ოთახს, ეზოს და დააკმიოთ საკმეველი", - განაცხადა პატრიარქმა.