თავდაცვის ძალები მსოფლიო ლიდერი კომპანიების მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ახალი ტექნიკით აღიჭურვება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ სამხედროებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექნებათ. ამ ბრენდების სპეციალურ ტექნიკას იყენებენ გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიისა და სხვა მრავალი ქვეყნის თავდაცვის ძალები.
დღეს, ახალი სპეცტექნიკის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თავდაცვის სამინისტროსა და შესაბამის პოზიციებში გამარჯვებული მომწოდებელი კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა.
ახალი პროექტის მიხედვით, მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეცტექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების - გერმანული „MAN“, იტალიური „IVECO“ და ამერიკული „FORD“ მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდება. ჯამში, თავდაცვის სამინისტრო 500-ზე მეტ ერთეულ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას შეიძენს. აღნიშნული პროექტი ჯარის ავტოტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ სპეცტექნიკისთვის საჭირო ღირებულებას თავდაცვის უწყება ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის. ახალი სპეცტექნიკის შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტურობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა. ერთი და იმავე ბრენდის მწარმოებლის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფლობა კი, შემდგომ წლებში მნიშვნელოვნად გაამარტივებს სპეცტექნიკის მართვას და ტექნიკურ მომსახურებას. პროექტი რამდენიმე თვეში დასრულდება და შედეგად, კიდევ უფრო გაძლიერდება თავდაცვის ძალების სამხედრო შესაძლებლობები და ზოგადად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.