14 ნოემბერს გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. თეატრისთვის მიმდინარე სეზონზე ეს უკვე მეცხრე პრემიერაა. ამჯერად მაყურებელი იხილავს თურქი დრამატურგის აზიზ ნესინის პიესას, სახელწოდებით "მომკალ, მომკალ, ჩემო კარგო". სპექტაკლი 15 ნოემბერსაც იქნება წარმოდგენილი.
ერთმოქმედებიანი კომედია ახალგაზრდა რეჟისორმა ლაშა ჯოხაძემ დადგა. პიესის სიუჟეტი ორი გაუთხოვარი ქალის ამბავს გადმოსცემს, რომლებსაც ბუნებრივი აირის კონტროლიორი სექსუალური მანიაკი ჰგონიათ, მაგრამ, ამის მიუხედავად, მოუთმენლად ელიან მის გამოჩენას.
"კომედიური ჟანრის პიესის შერჩევა საპრემიეროდ მიმდინარე სეზონის რეპერტუარმა განაპირობა, რომელიც დატვირთულია სერიოზული თემატიკით. დავდგით სპექტაკლი "დევნილნი", რომელიც გასული საუკუნის 20-იანი წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საზღვარგარეთ ემიგრირებული ქართველების, კერძოდ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მისი თანამოაზრეების ცხოვრებას ასახავს და პარალელებს ავლებს დღეს, თითქმის საუკუნის შემდეგ განმეორებულ მოვლენებთან. წინა პრემიერა დავუთმეთ მოლიერის "ჟორჟ დანდენს". სეზონი გავხსენით სპექტაკლით "მეფე ლირი თავშესაფარში", რომელიც თანამედროვე პრობლემეტიკას ასახავს. ამ ეტაპზე კი მიზანშეწონილად ჩავთვალეთ რეპერტუარი კომედიური ჟანრის პიესით შეგვევსო. ვფიქრობთ, ყოფითი პრობლემების ფონზე, მაყურებლისთვის კარგი კომედია ერთგვარი განტვირთვის საშუალება იქნება", - განაცხადა თეატრის დირექტორმა გიორგი მაჭარაშვილმა.
სპექტაკლი "მომკალ, მომკალ, ჩემო კარგო" გორის თეატრში საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით დაიდგა, რისთვისაც 4760 ლარი გამოიყო.
პრემიერის შემდეგ თეატრის დასი საახალწლო სპექტაკლებზე დაიწყებს მუშაობას.