იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებას ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.
ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს.
"როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკა გრძელდება. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი (ანა დოლიძე) სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს მოაწერს ხელს. ამის მერე კვლავ არის კითხვები ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას!
როდესაც სხვას აკრიტიკებ გამჭვირვალობის, საჯაროობის, კეთილსინდისიერების ნაკლებობისთვის, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს და თავად არ უნდა იყოს კანონის დამრღვევი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი: ვინ აფინანსებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორგანიზაციას, რომლის ფინანსებსაც ეს უკანასკნელი თავად განკარგავს და რატომ? ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს", - დაწერა ნაზი ჯანეზაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ანა დოლიძე ალეკო ელისაშვილსა და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას გეგმავს.