"დიდი ოცეულის" ქვეყნები კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 21 მლრდ დოლარს გამოყოფენ. ნათქვამია "დიდი ოცეულის" მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოყოფილი სახრები მიმართული იქნება დიაგნოსტირების, თერაპიის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და კვლევებისკენ.
"ეს კონტრიბუცია ხელს უწყობს გადაუდებელი დახმარებისა და მზადყოფნის რეაგირებას ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.
"დიდი ოცეული" (Group of Twenty, G-20) მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ფორუმია, რომელშიც ერთიანდება მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე 19 ქვეყანა და ერთი გაერთიანება. ესენი არიან: ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, მექსიკა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. მეოცე წევრი ევროკავშირია, რომელიც სამიტზე ევროპის კომისიის და ევროპის ცენტრალური ბანკით არის წარმოდგენილი.
მთლიანობაში დიდ ოცეულში შემავალი ქვეყნები მოიცავს მსოფლიო ეკონომიკის 85 პროცენტს, მსოფლიო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს.