საფრანგეთში ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი არ ჩატარდება. ინფორმაციას გამოცემა Politico, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გამო საფრანგეთი უარს ამბობს ეროვნული დღესასწაულის ტრადიციულ და მასშტაბურ აღნიშვნაზე, ნაცვლად კი მცირე სამხედრო ცერემონია გაიმართება.
ელისეის მინდვრების ნაცვლად სამხედრო ცერემონიალი პარიზში, კონკორდის მოედანზე გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალები მიიღებენ.
ცერემონიაზე პატივს მიაგებენ ჯანდაცვის მუშაკებს, ისევე როგორც სხვა პროფესიის წარმომადგელებს, რომლებიც კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდნენ.
საფრანგეთში კორონავირუსისგან 29 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ბასტილიის დღე, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული, აღინიშნება ყოველი წლის 14 ივლისს, 1790 წლის ამ დღეს გამართული ფედერაციის დღესასწაულის (Fête de la Fédération) მოსაგონებლად, რომელიც 1789 წლის 14 ივლისს ბასტილიის აღების პირველ წლისთავზე გაიმართა.
ბასტილიის ციხე, რომელიც სახელმწიფო დამნაშავეების პატიმრობის ადგილი იყო, 1789 წლის 14 ივლისს შტურმით აიღეს საფრანგეთის რევოლუციის დროს.
ეს დღესასწაული ყოველი ფრანგის მიერ აღიქმებოდა, როგორც სიმბოლო თანამედროვე ფრანგი ერის შეგნების აღმოცენებისა, რომელსაც ქვეყნის ჯერ კონსტიტუციურ მონარქიაში, შემდეგ კი პირველ რესპუბლიკად გაერთიანება მოჰყვა.