"თვეების განმავლობაში ვამბობდი, რომ არის კონსენსუსი, არჩევნებზე ერთმანეთს კონკურენტები არ დავუყენოთ. ბოლო დღეებში დავინახე, რომ ფირფიტა გადაატრიალეს და რიტორიკა შეიცვალა", - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში" განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე უფრო მეტად იმაზე საუბრობენ, რომ მეორე ტურში გასულ პარტიას სხვა ოპოზიციურმა ძალებმაც მხარი დაუჭირონ.
ჯაფარიძის თქმით, ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ვინც ამასთან დაკავშირებით საუბრობდა, გუბაზ სანიკიძეა, ამიტომ მას ეჭვი აქვს, რომ ამ ყველაფერის უკან "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები დგას.
"პირველი ვინც მახსოვს, გუბაზ სანიკიძე იყო ვინც თქვა, რომ ეს ფორმატი აზრს მოკლებულიაო. სანიკიძე მგონი ნანახიც არ მყავს არც ერთ შეხვედრაზე. არ ვიცი, სააკაშვილთან აქვს ფოტოები და ვიდეოები გადაღებული და მგონია, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არის ერთ თამაშში. ამიტომ აღვიქვამ, რომ შეიძლება იქედან მოდიოდეს ეს ფირფიტის გადატრიალება ეჭვის დონეზე. მაჟორიტარების განაწილების შინაარსი მხოლოდ ის კი არ იყო, რომ ერთმანეთს კონკურენტები არ დავუყენოთ, არამედ ის, რომ ჩვენ თუ ყველა ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს და ხელისუფლებას დავათმობინეთ მაქსიმალურად პროპორციულთან მიახლოებული, მოდი მაშინ პროპორციულობის წესებით ვითამაშოთ მაჟორიტარებშიც და პარტიების რეიტინგების მიხედვით გავანაწილოთ ეს მაჟორიტარები. მეორე ვერსია, რომ მეორე ტურში ყველამ დაუჭიროს მხარი ოპოზიციიდან გასულ კანდიდატს, აწყობს დიდ პარტიებს და ეგეთი არის "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც აქვს იმედი, რომ მეორე ტურში ყველგან გავა ის, ყველგან თუ არა უმეტესობაში და მერე სხვა ოპოზიციური პარტიები იძულებული იქნებიან, რომ მას დაუჭირონ მხარი", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.