წმინდა ნინო მე მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში განაცხადა ქადაგებისას, სადაც ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
"წმინდა ნინო განსაკუთრებული მფარველია. მინდა, გიამბოთ ის შემთხვევა, რომელიც ჩვენს ოჯახში მოხდა. უფროსი ძმა თეიმურაზი ავად იყო, სარეცელზე იწვა, ოთახში მეტი არავინ იყო – ჩემი ძმა იწვა და მე ვიყავი. თეიმურაზი მეუბნება: "ირაკლი". "რა-მეთქი?!" – "შეხედე, ვინ მოვიდა ჩვენთან!" – "ვინ-მეთქი?!" და მპასუხობს: "წმინდა ნინო მოვიდა ჩვენთანო". ასე რომ, წმინდა ნინო მე მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა.
სხვა მრავალი შემთხვევაც იყო, როდესაც წმინდა ნინო ხილულად გვეხმარებოდა. და აი, დღეს, როცა ასეთი რთული პირობებია, როცა უჭირს ხალხს, სულიერად უჭირს, სთხოვეთ წმინდა ნინოს: „წმინდაო მოციქულთა სწორო, დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!", - განაცხადა პატრიარქმა.