ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
"წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ამაღლებას, ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი თითქოს განშორდა მიწას და ხალხს, სინამდვილეში კი, მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი ამბობს: „სადაც ორი და სამი არის შეკრებილი ჩემი სახელით, მე მათ შორის ვარ“. დიდება და მადლობა უფალს! ჩვენთან არს ღმერთი!
უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ. ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს. ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, უფალთან უნდა ვიყოთ.
მინდა, გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომლებიც წარსულში, დღეს ან მომავალში არის მთელ მსოფლიოში, ეს მოვლენები, გამოცხადებები, გაჭირვება და განსაცდელი - ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ეს ყველაფერი ჩვენთვის არის.
ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიითა და მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება - ეს არის წუთისოფელი, ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ სტუმრები ვართ და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება.
ჩვენ ვიცით თქმა, - „ღმერთს ებარებოდეთო“. სანამ მიწაზე ვართ, ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში მუდმივად უფალთან უნდა ვიყოთ.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, ჩვენ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანი ბედნიერი რომ იყოს, უნდა იცხოვროს სხვებისთვის, სხვა გაახაროს. აი, ამას გისურვებთ. გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა.
აი, როცა ჩვენთან მოდიან სტუმრები, მოაქვთ ყვავილი, საჩუქარი, მე ვეუბნები მათ: „გაიხარე და გაგვახარე“. თქვენც ასე უთხარით სხვებს. ადამიანი სიხარულისთვის არის გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა, სიხარულისთვის არის. ღმერთი არის სიყვარული. ასე რომ, არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ, არ დაითრგუნოს თქვენი გონება, არ დაკარგოთ თქვენი იმედი. ღმერთი მუდამ ჩვენთან და ჩვენთანაა.
გაიხარეთ! გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ! ჩვენთან არს ღმერთი!", - განაცხადა პატრიარქმა.