ოჯახის სიწმინდის დღეს სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს. ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპატრიარქოს ცნობით, აღნიშნული მსვლელობა 17 მაისს, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეს უკავშირდება.
"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთ კვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა.
ხოლო მისი კურთხევით სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.
ავტო-კოლონით მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან", - იუწყება საპატრიარქო.
2014 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ 17 მაისი „ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ“ გამოაცხადა.
დღესვე ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.