დღეს, 12 მაისს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღე აღინიშნება. ამ დღეს საქართველოში მეორე წელია, რაც აღნიშნავენ.
საქართველოს პარლამენტმა გასული წლის 8 მაისის რიგგარეშე სხდომაზე, 96 ხმით არცერთის წინააღმდეგ 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოაცხადა. ცვლილება საქართველოს ორგანულ კანონში "შრომის კოდექსში" შევიდა.
"ორგანული კანონპროექტით ცვლილება შევიდა საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტში და 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად განისაზღვრა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე, საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე - იმედის დღე", - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
12 მაისს საქართველოში ასევე აღინიშნება ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე.