ქართველ სამხედროებს ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის უმაღლესი ხარისხის ახალი უნიფორმა და ფეხსაცმელი აქვთ. ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის ძალების 29 წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხედროები "ლოვას" და "ჰაიქსის" მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმელით არიან უზრუნველყოფილი.
მსოფლიო ბაზრის ლიდერი კომპანიების "ჰაიქსის“ და "ლოვას" მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის სამხედრო ფეხსაცმელი წარმოებულია ექსკლუზიურად მხოლოდ ევროპული ნედლეულით, ინოვაციური და მაღალი ტექნოლოგიების მქონე გერმანულ საწარმოებში და აღჭურვილია მაღალი ხარისხის გორტექსის მასალით, რაც უზრუნველყოფს ფეხსაცმლის წყალგამძლეობას, ქარგაუმტარობას და ჰაერგამტარობას. ახალი ფეხსაცმელი წარმოებულია მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოში, რომელიც ასევე ამარაგებს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, პოლონეთის, თურქეთის,ბელგიის, ირლანდიის, დანიის და სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებს.
მაღალი ხარისხის ქსოვილისგან დამზადებული, ცვეთაგამძლე უნიფორმა თავდაცვის ძალებში კიდევ ერთი სიახლეა. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები სრულად არის უზრუნველყოფილი განახლებული და მაღალი ხარისხის, ნატოს წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის ჯარის უნიფორმის ქსოვილის შესაბამისი სტანდარტის, კომუფლირებული უნიფორმით - პიჯაკი, შარვალი, კეპი.