მსოფლიო განიცდის იმას, რაც ხდება მსოფლიოში. აი, მე მატყობინებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დაკეტილია ტაძრები და მონასტრები, ხალხი იძულებულია, წავიდეს სოფლებში და იქ ილოცოს, იქ დაესწროს წირვას. ჩვენ თავისუფლად ვართ აქ. დიდება და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. განაცხადა სრულიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედო ტაძარში ქადაგებისას.
"გილოცავთ გიორგობას. ეს არის ჩვენი ეროვნული დღესასწაული. ეს არის მფარველი საქართველოსი. ეს დღესასწაული მუდამ იყო დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოში.
ეს დღე საზეიმოდ აღინიშნებოდა ჩვენს ოჯახში, იმიტომ რომ მამაჩემს ერქვა გიორგი. ამ დღეს ეკლესიიდან გამოჰყავდა მათხოვრები. პირველი მაგიდა იშლებოდა მათხოვრებისათვის. ჩვენ ვსხდებოდით მათხოვრებთან ერთად და აღვნიშნავდით გიორგობას. მეორე მაგიდა უკვე კულტურული ხალხისათვის. დიდი ზეიმი იყო, დიდი იმედი იყო.
წმინდა გიორგის დღესასწაული იმედის დღესასწაულია.
წმინდა გიორგიმ წამების დროს წარმოთქვა სიტყვა: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე?!“ - ხმა მოესმა გიორგის: „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ“. ეს მაცხოვრის სიტყვებია. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ ამ გაჭირვების დროს, როცა მთელ მსოფლიოს უჭირს, ჩვენ გვესმის ხმა მაცხოვრისა: „ნუ გეშინიათ, მე თქვენთანა ვარ“.
მსოფლიო განიცდის იმას, რაც ხდება მსოფლიოში. აი, მე მატყობინებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დაკეტილია ტაძრები და მონასტრები, ხალხი იძულებულია, წავიდეს სოფლებში და იქ ილოცოს, იქ დაესწროს წირვას. ჩვენ თავისუფლად ვართ აქ. დიდება და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის!
თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება?! - ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი განიცდის ჩვენთან ერთად.
ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ მწუხარება ჩვენი სიხარულად გადაიქცეს.
ნუ დაგავიწყდებათ, სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი და საკმეველი. ყოველდღე უნდა ასხუროთ სახლსა და კარმიდამოს, ეს დიდ ძალას ფლობს.
ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა გაგახაროთ იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენთან არს ღმერთი!", - განაცხადა ილია მეორემ.