ვლადიკავკაზის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი ტერაქტი, რომელმაც 19 ადამიანის სიცოცხლე წაიღო გახსნილია. ეს განცხადება დღეს ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, "ეფ-ეს-ბეს" დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა გააკეთა.
მისი თქმით, ტერაქტის ორგანიზატორი დოკუ უმაროვის დაქვემდებარებული პირი ისა ხაშაგულგოვი იყო. ამას გარდა, ბორტნიკოვი ასევე აცხადებს, რომ ხაშაგულგოვის დაჯგუფება ინგუშეთში მომხდარი ათი აფეთქების მონაწილეა. ბორტნიკოვის თქმით, ბანდის სამი წევრი დაკავებულია, ორი კი ნეიტრალიზებული.
"ვლადიკავკაზის ცენტრალურ ბაზარსა და ფედერალურ გზატკეცილ "კავკაზის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში მომხდარი ტერაქტები გახსნილია.
დადგენილია, რომ განხორციელებული ტერაქტების ორგანიზატორი დოკუ უმაროვის უახლოესი თანამებრძოლი ისა ხაშაგულგოვია, რომელიც ინგუშეთის ტერიტორიაზეც მოქმედებდა", _ აცხადებს ბორტნიკოვი.
მისივე თქმით, აფეთქებების უშუალო შემსრულებლები არიან დაჯგუფების აქტიური წევრები - დაურბეკოვი, ლატიროვი და ხაშალგუროვის ძმა.
"ამჟამად ისინი დაპატიმრებულნი არიან და საგამოძიებო იზოლატორში არიან მოთავსებულნი. ბანდის კიდევ ორმა წევრმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაგვიწია, ამიტომაც მათი ნეიტრალიზება მოხდა. გამოძიება გრძელდება", _ განაცხადა ბორტნიკოვმა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიკავკაზის ცენტრალურ ბაზარში აფეთქება მიმდინარე წლის 9 სექტემბერს მოხდა.