"მოწევამ შესაძლოა გაზარდოს დაავადების მძიმედ განვითარების რისკი, თუ ინფიცირებული ხართ COVID-19–ით"... ჰარვარდის და კრეტის უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც მოცემულია მტკიცებულებების სისტემური მიმოხილვა, აღწერილია, რომ მოწევა ასოცირდება COVID-19–ის განვითარების ნეგატიურ ტენდენციებთან და ნეგატიურ გამოსავალთან.
ავტორებმა გამოთვალეს, რომ მწეველებში მწვავე სიმპტომების განვითარების რისკი 1.4-ჯერ მაღალია არამწეველებთან შედარებით, ხოლო ინტენსიური თერაპიისა და მექანიკური ვენტილაციის საჭიროება 2.4-ჯერ იმატებს. ასევე 2.4-ჯერ მაღალია სიკვდილის რისკიც (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება, 2020 წლის 20 მარტი).
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება, დიაბეტი, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და სიმსივნე, აქვთ COVID-19-ის მწვავე ფორმის განვითარებისა და ფატალური გამოსავლის უფრო მაღალი რისკი. მოწევა ასუსტებს იმუნურ სისტემას, რაც მას უფრო მოწყვლადს ხდის ინფექციის მიმართ.
"ახლა საუკეთესო დროა თავი დაანებოთ მოწევას", - ამბობს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის კავშირის (The Union) თამბაქოს კონტროლის მიმართულების დირექტორი, გან ქუანი.
თებერვალში, სამედიცინო ჟურნალში "New England Journal of Medicine" გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლის ფარგლებში შესწავლილ იქნა COVID-19-ით ინფიცირებული 1099 პაციენტი. პაციენტების 16.9%, რომლებსაც COVID-19 ინფექციის მწვავე სიმპტომები აღენიშნებოდათ, ამჟამინდელი მწეველები იყვნენ, ხოლო 5.2% - ყოფილი მწეველები. პაციენტების 25%, რომლებსაც დაჭირდათ მექანიკური ვენტილაცია, ინტენსიურ განყოფილებაში განთავსება ან შემთხვევა ლეტალურად დასრულდა - მწეველები იყვნენ.
თამბაქოს ეპიდემია ყოველწლიურად 8 მილიონ ადამიანს კლავს. COVID-19-ის გამო კი, ეს რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი დახმარების სამედიცინო პროგრამის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მოწევა ზრდის სასუნთქი გზების ინფექციის რისკს და, შესაბამისად, იზრდება COVID-19-ით დაინფიცირების რისკიც.
ამერიკელი ჯანმრთელობის ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ შეწყვიტონ ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის და სხვა მსგავსი მოწყობილობების მოხმარება. მათი თქმით, სიგარეტის შემცვლელი მოწყობილობების მიერ წარმოქმნილი ბოლის ჩასუნთქვა სახესთან ახლოს, დახველების ტოლფასია.
მწეველები უფრო დაუცველები არიან გრიპისგან, ისევე, როგორც კორონავირუსისგან. COVID-19-ით ინფიცირების შემდეგ მწეველებს, შესაძლოა, ჯანმრთელობის უფრო სერიოზული პრობლემები შეექმნათ, რაც ნაადრევ სიკვდილს გამოიწვევს.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ COVID-19 ეპიდემია წარმოადგენს "ჭკუის სასწავლებელ პერიოდს", რომლის დროსაც მწეველებმა უნდა გაანალიზონ, რომ აუცილებელია მოწევის შეწყვეტა. დასაბუთებულია, რომ მოწევის შემცირება ან თავის დანებება ხელს უწყობს COVID-19-ის ინფექციის საზოგადოებაში გავრცელების შემცირებას. თამბაქოს ინდუსტრია იყენებს COVID-19-ის კრიზისს, რათა ხელი შეუწყოს ელექტრონულ სიგარეტზე ან გასახურებელ თამბაქოზე მწეველების გადართვას, მაგრამ მსოფლიოში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ამ პროდუქტების მოხმარების უსაფრთხოებაზე COVID-19–ის კონტექსტში.
მწეველთა შორის COVID-19–ით დაავადების პროგრესირება ცხადყოფს, თუ რამდენად უარყოფითია მოწევის შედეგები. მოწევისგან გამოწვეული ზიანი რეალურია და, ამიტომ, აუცილებელია მოწევისთვის თავის დანებება. საკარანტინო და იზოლაციის რეგულაციები ქმნის გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, რაც თავის მხრივ, უფრო ნაკლებ ადგილს ტოვებს ისეთი მავნე ჩვევებისთვის, როგორიცაა მოწევა. პერსონალის სიმცირის გამო, ისედაც არსებობს პრობლემა ჯანდაცვის სისტემაში COVID-19-თან გამკლავების კუთხით, მწეველობით გამოწვეული და მწველობის გამო გართულებული დაავადებების მკურნალობა კი უფრო ამძიმებს ამ პრობლემას და დამატებით ტვირთად აწვება ჯანდაცვის სისტემას.
ჯანმრთელობის ექსპერტებმა ინდონეზიაში, ისრაელში, იაპონიაში, ირლანდიაში და სამხრეთ აფრიკაში ადამიანებს მოწევის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდეს. COVID-19-ის გადაცემის თავიდან ასაცილებლად აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთმა ქვეყანამ აკრძალა შიშას/ჩილიმის გამოყენება საზოგადოებრივ ადგილებში; ასევე, 2020 წლის 2 მარტს ნიუ-იორკის მერმა განაცხადა, რომ მოწევა ხალხს უფრო დაუცველს ხდის COVID-19–ით ინფიცირებისგან და მოუწოდა მათ თავი დაენებებინათ მოწევისთვის.
შევხედოთ COVID-19-ის კრიზისს, როგორც საშუალებას, ხელი შევუწყოთ მსოფლიოს 1 მილიარდ მწეველს თავი დაანებონ მოწევას, რათა თავიდან ავიცილოთ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილი.
მავნე ჩვევებისაგან თავის დაღწევა შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით.
• თამბაქოსათვის თავის დანებების ცხელი ხაზი: 116001
• მობილურ აპლიკაცია „თავს ვანებებ“
არანაკლებ საზიანო მარიხუანას მოხმარება. მარიხუანას იშვიათმა გამოყენებამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს COVID-19-ის მწვავე სიმპტომების განვითარება.
"მარიხუანას მოწევის დროს ფილტვებში ვითარდება მცირე ანთებითი, ბრონქიტის მსგავსი პროცესი. ასეთ შემთხვევაში უკვე სახეზე გვაქვს სასუნთქი გზების ანთება, რომელსაც ემატება ინფექცია. რა თქმა უნდა ამ დროს გართულებების განვითარების ალბათობა უფრო მაღალია", - ამბობს პულმუნოლოგი და ამერიკის ფილტვის ასოციაციის ექიმი, ალბერტ რიზზო.
აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი აცხადებს, რომ კორონავირუსული დაავადება შესაძლოა განსაკუთრებით რთული ფორმით გამოვლინდეს თამბაქოს და მარიხუანის მწეველებში. რადგან მარიხუანა დაბალ ტემპერატურაზე იწვის, მწეველი დაუწვავ ნაწილაკებსაც შეისუნთქავს, რომელიც აღიზიანებს ფილტვებს ალერგიის მსგავსად. ამან შესაძლოა გამოიწვიოს მშრალი ხველა რომელიც კორონავირუსული ინფექციის ძირითადი სიმპტომიც არის. ასეთ შემთხვევაში დაავადების დიფერენცირება ძალიან რთულდება.
მავნე ჩვევებისაგან თავის დაღწევა შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით.
• ფსიქოლოგიური დახმარება COVID-19 პანდემიის დროს: 2 911 000
წყარო: NCDC