გადაწყვეტილება სააღდგომო ლიტურგიის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
როგორც დეკანოზმა აღნიშნა, გარკვეული დეტალები ზუსტდება და ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"ამის შესახებ დაწვრილებით ხვალ ვიტყვით, თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას, მსახურება ჩატარდება, დეტალებია შესათანხმებელი, ნაჩქარევი იქნება რაღაც ვარაუდები გამოვთქვა, ხვალამდე უნდა მოვიცადოთ", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მანამდე სამების საკათედრო ტაძრის არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა განაცხადა, რომ სააღდგომო ლიტურგია საქართველოს ეკლესიებში შაბათს 23 საათიდან აღევლინება.
"სამშაბათს საღამოს 4 საათზე შვიდგზის ზეთისცხება იქნება, შაბათს დილით 7 საათზე შესრულდება წესის აგება, იქნება ჟამების კითხვა, ხოლო 9 საათზე შესრულდება წმინდა ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია. შაბათს საღამოს 22 საათზე წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი, 23:00 საათზე მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ხოლო 12 საათზე დაიწყება ლიტანიობა და მას მოებმის წმინდა იოანე ოქროპირის საზეიმო, სააღდგომო საღმრთო ლიტურგია", - თქვა არქიდიაკონმა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ვრცელდება.