რიტუალები რელიგიური ცხოვრების მნიშვნელოვანი მხარეა, მაგრამ ეს არის საშუალება და არა მიზანი. მიზანი ჩვენი არის ღმერთში დამკვიდრება! - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ბზობის დღესასწაულზე, ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენი რელიგიური ცხოვრების სიმძიმის ცენტრი უპირატესად რიტუალური მსახურებისკენ იხრება და რაც შეეხება ღმერთთან ურთიერთობას, ცოცხალ რწმენას, რომელსაც შეუძლია სასწაულების მოხდენა, სიმხურვალე დაკარგა და განელდა თითქოს.
"სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება. მდგომარეობა მრავალწახნაგოვანია და ის შესაბამის ანალიზსა და დაფიქრებას საჭიროებს. ჩვენ, ჯვარცმული ქრისტეს ეკლესიის წევრნი, რომელნიც უფლის სისხლით ვართ გამოსყიდულნი, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ, როგორ მოვედით დღემდე და როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრების გზა.
უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ იმ საკითხს, რომ ჩვენი რელიგიური ცხოვრების სიმძიმის ცენტრი უპირატესად რიტუალური მსახურებისკენ იხრება და რაც შეეხება ღმერთთან ურთიერთობას, ცოცხალ რწმენას, რომელსაც შეუძლია სასწაულების მოხდენა, სიმხურვალე დაკარგა და განელდა თითქოს; ეს იკითხება იმ ცხოვრების წესზე და იმ ურთიერთობებზე, რაც გაბატონებულია ჩვენს სინამდვილეში;
რიტუალები რელიგიური ცხოვრების მნიშვნელოვანი მხარეა, მაგრამ ეს არის საშუალება და არა მიზანი.
მიზანი ჩვენი არის ღმერთში დამკვიდრება!
ღმერთი უშვებს ჩვენს თავზე განსაცდელებს და ეს განსაცდელები ჩვენთვის არის ერთგვარი გაკვეთილი, საიდანაც ჩვენ ვაკეთებთ შესაბამის დასკვნებს და ეს აისახება ჩვენს შემდგომ ბედზე იმის მიხედვით, თუ რა დასკვნებს გავაკეთებთ და რა აზრს გამოვიტანთ თუნდაც დღეს შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ განსაცდელის შემდეგ ბევრი ჩვენგანი შეიცვლება და ამის მიხედვით შეიცვლება მთელი მსოფლიო", - თქვა მეუფე გრიგოლმა.