საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა POSTV-ის ეთერში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებში თავდაცვის ძალების ჩართულობაზე ისაუბრა. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, 12 ქალაქში 61 საკონტროლო გამშვები პუნქტია მოწყობილი, რომელსაც ლენტეხიც დაემატა. „ჩართული გვყავს 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. მინდა სიამაყით აღვნიშნო და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ჩვენი სამხედროები აჩვენებენ მაღალ პროფესიონალიზმს, გამორჩეულ დისციპლინას და მობილიზებულობას. მათი ჩართულობით კიდევ უფრო სხვა ელფერი შეიძინა ზოგადად სახელმწიფოს ორგანიზებამ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, 22 მარტიდან 9 აპრილის ჩათვლით თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა 250 ათასი სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია მოახდინეს და თერმოსკრინინგი 620 ათას მოქალაქეს ჩაუტარეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღმოსავლეთ სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის შესაძლებლობებზეც ისაუბრა: „საინჟინრო ბატალიონში არსებობს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური ქვედანაყოფი, რომელიც არის შესაბამისად აღჭურვილი და დატრენინგებული. მის მომზადებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა ამერიკის მთავრობამ, ასევე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობამ. სწორედ მათ მიერ მომზადებული, დატრენინგებული და ჩვენს მიერ ნატოს შესაბამისი სტანდარტებით აღჭურვილია აღნიშნული ქვედანაყოფი. მათ მიერ ხდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თითოეული მანქანის დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო საშუალებით“.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ძალების მზადყოფნაზე. „მას შემდეგ რაც, გადაწყვეტილება იქნა მიღებული თავდაცვის ძალების ჩართულობასთან დაკავშირებით, 7-8 საათში ჩვენ გავმართეთ საკონტროლო გამშვები პუნქტები მარნეულსა და ბოლნისში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თავდაცვის ძალები არის მაქსიმალურად მობილიზებული და ყოველთვის მუდმივ მზადყოფნაში“, -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.