ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, სოდომის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად, ეს ხომ არ არის მიზეზი ამ ვირუსის ასეთი ტოტალური გავრცელების - განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყრდემ მეუფე შიო სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულებისას.
მეუფე შიოს განცხადებით, მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებას ორი მხარე აქვს, ერთი არის უფრო მატერიალური, ფიზიოლოგიური და მეორე სულიერი.
"ჩვენ ვხედავთ დღეს, რომ არათუ ჩვენ, მართლმადიდებლები, არამედ არამართლმადიდებლებიც, ასევე პოლიტიკოსებიც არაერთი ქვეყნისა გამოდიან და ამაზე საუბრობენ, სინანულზე საუბრობენ. ფიქრობენ ცოდვაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ დიდი უბედურებისა.
ხომ არ შევცოდეთ ჩვენ და საჯაროდ ინანიებენ, საჯაროდ ასახელებენ იმ ცოდვებს, რომლებიც უნდა გამოსწორდეს, რომ ეს არის პირველ რიგში განდგომა უფლისაგან, დავიწყება ღვთისა, ღმერთის მცნებებისა, მისი ღირებულებებისა, ქრისტიანული ღირებულებებისა, ეს იქნება განათლების სფეროში, ეს იქნება სოციალურ სფეროში.
პირდაპირ ასახელებენ ეს დიდი მოღვაწეები და ჩვენ, მით უმეტეს, გვმართებს, რომ ვისაუბროთ ამაზე, ეს ის ცოდვებია, ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად. ხომ არა არის დრო, რომ ამაზე დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ამ ვირუსის ასეთი ტოტალური გავრცელებისა. რატომ გეუბნებით ამ ყველაფერს, ვიმეორებ, ორი შრე აქვს ამ მოვლენის აღქმას, ერთი მატერიალური, ფიზიოლოგიური, მეორე არის სულიერი, ჩვენ ორივეზე უნდა ვიფიქროთ.
ეს არ ნიშნავს, რომ იფიქრო სულიერზე და გამორიცხო მატერიალური და არ გაითვალისწინო ის რჩევები, რასაც ექიმები ამბობენ, პირიქით, ორივე უნდა იყოს, რომ ჩვენ ავმაღლდეთ და მივიღოთ ის წყალობა და მადლი. მხოლოდ ეს გააჩერებს ვირუსს, ეს განგვკურნავს ჩვენ და ამას შეუძლია, შეაჩეროს ასეთი დიდი გამოვლინება ამ დაავადებისა – ჩვენი სინანული, უფალთან მობრუნება, მისდამი ლოცვა“,- განაცხადა მეუფემ.
ქადაგების ტექსტს "პირველი არხი" ავრცელებს.