ჩეჩენმა საველე მეთაურებმა დოკუ უმაროვის დაქვემდებარებაზე საბოლოოდ თქვეს უარი და ახლა ლიდერად ჰუსეინ გაკაევი აირჩიეს. გაკაევს რამზან კადიროვის ხელისუფლება ბოლო დროინდელი თავდასხმების ორგანიზატორად ასახელებს და მის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისათვის 10 მილიონი აშშ დოლარი აქვს დაწესებული.
ჩეჩენმა მებრძოლებმა ინტერნეტით ვიდეომიმართვა გაავრცელეს. მათი განცხადებით, ახალი ემირი სხვა ლიდერებთან შეთანხმების გარეშე აირჩიეს. მიზეზად მებრძოლებმა ის დაასახელეს, რომ დოკუ უმაროვი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს და მეჯლისიც დაშალა.
რუსული მედიის ცნობით დაპირისპირება ჩეჩენ მებრძოლებში ჯერ კიდევ აგვისტოში დაიწყო. საველე მეთაურების დიდმა ნაწილმა პირველად სწორედ მაშინ გამოუცხადა კავკასიის ემირს დაუმორჩილებლობა.