კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საგანგებო ზომების გათვალისწინებით, 10 მარტიდან ვატიკანში ტურისტებისთვის დაიხურა წმინდა პეტრეს მოედანი და ბაზილიკა.
ინფორმაციას წმინდა საყრდის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ტერიტორიაზე აიკრძალა ორგანიზებული ექსკურსიები.
მიღებული ზომების ფარგლებში დაიხურა წმინდა პეტრეს მოედანზე განთავსებული ვატიკანის ფოსტა და წიგნის მაღაზიები, ხოლო სუპერმარკეტი და აფთიაქი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
ოთხშაბათიდან მუშაობას შეწყვეტს სასადილო, სადაც ვატიკანში დასაქმებული ადამიანები იკვებებიან. საკვებს მათ შეკვეთის მიღების შემდეგ მიუტანენ.
ყველა საგანგებო ზომა იმოქმედებს 3 აპრილამდე. ამ პერიოდამდე წმინდა პეტრეს მოედანსა და ბაზილიკაში მოხვედრა, მხოლოდ იქ დასაქმებულ ადამიანებს შეეძლებათ.
შეგახსენებთ, გუშინ იტალიის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.