სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
"ჩვენთან არს ღმერთი, დიდხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. ყოველ დღე ჩვენ ვხედავთ სასწაულებს, ყოველ დღე ღმერთი გვიჩვენებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ.
მე შენდობის დღეს ვთქვი, რომ ძალიან იოლი გზა არის სასუფეველში. მე უფალო მომანაჭე განცდა ცოდვათა ჩემთათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ეს არის პირდაპირი გზა სასუფეველში.
ჩვენი წინაპრები ამით ცხონდნენ, ამით შეიძინეს მადლი ღვთისა. დღეს არის მართმადიდებლობის ზეიმი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს მადლსა, ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვიადვილებს სასუფეველის გზას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არც ისეთი იოლია გზა საუფევლისა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აკურთხოს ერი თვისი.
ძალა ღვთისა და მშვიდობა ღვთისა, ეს აუცილებელია. თქვენ გახსოვთ, სახარებაში აღდგომის შემდეგ რომ გამოეცხადებოდა მაცხოვარი მოციქულებს, ერთხელ გამოეცხადა მათ, კარები ჩაკეტილი იყო და ისე შევიდა და პირველი სიტყვები, რითაც მიმართავდა მოციქულებს-მშვიდობა თქვენთანა.
მშვიდობა ღვთისა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში, ვერაფერი გამოგვივა. მშვიდობა უნდა შეიძინოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობა ღვთისა. გწყალობდეთ ღმერთი, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, ღმერთმა სიხარული მოგცეთ.
სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი“ ,- განაცხადა ილია მეორემ.