აზერბაიჯანის 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა ქვეყნის პარლამენტის კომიტეტებში უკვე მიმდინარეობს. 2011 წლისთვის, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 15 მლრდ. დოლარი იქნება. როგორც პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შამსადინ გაჯიევმა განაცხადა, 2011 წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად აღემატება რეგიონის ქვეყნების ბიუჯეტებს
"აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 2011 წლისთვის 15 მლრდ. დოლარია. მაშინ, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 3,6 მლრდ დოლარი, ხოლო სომხეთის 2,4 მლრდ. დოლარია. 2011 წლისთვის, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 15,9 მლრდ. დოლარი იქნება, საქართველოში 3,8 მლრდ. დოლარი ხოლო სომხეთში 2,8 მლრდ დოლარი. შესაბამისად, აზერბაიჯანი რეგიონალური ეკონომიკური ცენტრი ხდება", - განაცხადა გაჯიევმა. მისი თქმით, ქვეყნის 2011 წლის ბიუჯეტი 2,5 ჯერ აღემატება სომხეთისა და საქართველოს გაერთიანებულ ბიუჯეტს.
"აზერბაიჯანის ეკონომიკა დინამიკურად ვითარდება და ეს სიტუაცია შენარჩუნდება 2011 წელსაც, რაც შეეხება დეფიციტს, რომელიც 1,7 %-ის დონეზეა, ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი, რადგანაც საშემოსავლო ნაწილი გარკვეული სიფრთხილითაა შედგენილი და წლის განმავლობაში რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალი იქნება. ვიმედოვნებთ, რომ 2011 წელი პროფიციტული ბიუჯეტით დასრულდება", - განაცხადა გაჯიევმა.