ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო შეძლებენ, შეთანხმდნენ ფართომასშტაბიანი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე, მას შემდეგ, რაც ლონდონი სრულად გავა გაერთიანებიდან.
"შესაძლოა ბრიტანეთმა გადაწყვიტოს, დაკმაყოფილდეს მცირედით, მაგრამ პირადად მე მიმაჩნია რომ ჩვენ მეტი გვჭირდება", - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ევროკომისია მხარს უჭერს ორმხრივ ვაჭრობას საბაჟო გადასახადებისა და დამატებითი კვოტების გარეშე.
ურსულა ფონ დერ ლაინმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირს ჯერ კიდევ არავისთვის შეუთავაზებია ამგვარი შეთანხმების გაფორმება.
ამავე დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საერთოევროპულ ბაზარზე შესვლა ბრიტანეთის მხრიდან გარკვეულ გარანტიებს მოითხოვს.
"ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ სავაჭრო ხელშეკრულებების სხვადასხვა მოდელზე ... მაგრამ ნებისმიერი ასეთი შეთანხმება გულისხმობს ორივე მხარის უფლებებსა და ვალდებულებებს" - დასძინა ფონ დერ ლაიენმა.
გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 2020 წლის 31 იანვარს დატოვა. წლის ბოლომდე ბრიტანეთი და ევროკავშირი ურთიერთობების გარდამავალ ეტაპზე იმყოფებიან, რა დროსაც ბრიტანეთი ევროკავშირის წესებისა და რეგულაციების მორჩილი იქნება.