გნებავთ ოდირის დასკვნა, გნებავთ კონგრესმენების წერილები, მათში საერთო არის ის, რომ, ერთი მხრივ, ხელისუფლების მიმართ და ,მეორე მხრივ, ოპოზიციის მიმართ არის თხოვნა თუ მოწოდება, რომ ჩვენ შეთანხმებით, კონსენსუსის მიღწევით კონკრეტულ საარჩევნო მოდელზე შევჯერდეთ და ამ მოდელის შესაბამისად ჩავატაროთ არჩევნები, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „ იმედის“ ეთერში საარჩევნო სისტემაზე საუვრისას.
მისი თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად მმართველმა პარტიამ ნაბიჯი გადადგა და შემხვედრ ნაბიჯებს ოპოზიციის მხრიდან ელოდებიან.
„ჩვენ ამ მიმართულებით ვაკეთებთ ყველაფერს და ამის დასტურია თუნდაც ის ინიციატივა, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო გაჟღერებული ოპოზიციის მოთხოვნების სასარგებლოდ. საწყისი წერტილია ის, რომ ერთი მხრივ გვაქვს შერეული სისტემა, რომელიც მოქმედებს და ამის მიხედვით ჩატარდება არჩევნები, თუ რაიმე არ შევცვალეთ. ანუ გვაქვს 77/73-ზე სისტემა და, მეორე მხრივ, ოპოზიციის მოთხოვნა, რომ პროპორციული სისტემით ჩატარდეს არჩევნები. მოწოდება შეთანხმებისკენ გულისხმობს, რომ როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. არ შეიძლება ეს მოწოდება გაგებული იქნეს იმგვარად, რომ მხოლოდ ხელისუფლებამ დათმოს ყველაფერი, ოპოზიცია კი გაჯიუტდეს და ბოლომდე მოითხოვოს ის, რაც მათთვისაა მისაღები. ჩვენ ამ თვალსაზრისით ნაბიჯი გადავდგით და მათი მხრიდანაც ველოდებით შემხვედრ ნაბიჯს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.