ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელისა და გაერთიანებულ სამეფოსთან ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მიშელ ბარნიეს ერთობლივი განცხადება:
"2020 წლის 31 იანვარს გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი დატოვა. ჩვენს ოჯახს ერთი წევრი გამოაკლდა. ჩვენთვის, ევროპის მოქალაქეებისთვის და, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის ბევრი მოქალაქისთვის ეს სამწუხარო მომენტი იყო.
მიუხედავად ამისა, ყოველთვის პატივს ვცემდით ბრიტანეთის ამომრჩევლის 52%-ის სუვერენულ გადაწყვეტილებას და ამჟამად, ჩვენს ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებას ველით.
ემოციები რომ განზე გადავდოთ, 1 თებერვალი ისტორიული აღმოჩნდა, თუმცა არა დრამატული. ამის მიზეზი გაერთიანებულ სამეფოსთან მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებაა, რომელმაც "მოწესრიგებული ბრექსიტის" უზრუნველყოფის საშუალება მოგვცა, ისეთის, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებს, ბიზნესს, საჯარო სამსახურს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მინიმალურად დააზარალებს.
"ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმების" შესაბამისად, ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო გარდამავალი პერიოდის შესახებ შეთანხმდნენ, რომელიც მინიმუმ 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ამ ხნის განმავლობაში გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის საბაჟო კავშირისა და ერთიანი ბაზრის ფუნქციონირებაში მონაწილეობასა და ევროკავშირის კანონმდებლობის გამოყენებას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ ის ევროკავშირის წევრი ქვეყანა აღარ იქნება. ის ასევე განაგრძობს ევროკავშირის საერთაშორისო შეთანხმებების შესრულებას. ამის შესახებ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვერბალური ნოტის საშუალებით განვუმარტეთ.
ამრიგად, გარდამავალ პერიოდში პროცესი არ შეწყდება. თუკი ამოცანის მასშტაბს გავითვალისწინებთ, ეს არც ისე ადვილი იყო. ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, გაერთიანებული სამეფო ავტომატურად, მექანიკურად და სამართლებრივად გადის ევროკავშირის მიერ მისი წევრი ქვეყნების სახელით დადებული ასობით საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომლებიც სხვადასხვა საკითხებს - ვაჭრობას, ავიაციას, თევზჭერასა თუ ბირთვულ სფეროში თანამშრომლობას - შეეხებოდა.
ახლა უკვე ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ახალ პარტნიორობას უნდა ჩავუყაროთ საფუძველი. ეს მუშაობა რამდენიმე კვირაში დაიწყება, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის 27 ქვეყანა დაამტკიცებს მოლაპარაკებების მანდატს, რომელშიც ასახული იქნება ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული პირობები და მოლოდინი. გაერთიანებული სამეფო ხომ ის ქვეყანაა, რომელთანაც ყველაზე მჭიდრო პარტნიორობას უნდა მივაღწიოთ, რადგან ის ჩვენს მოკავშირედ, პარტნიორად და მეგობრად რჩება.
ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს ისტორია, გეოგრაფია, კულტურა, საერთო ღირებულებები, პრინციპები და წესებზე დაფუძნებული მულტილატერალიზმის ძლიერი რწმენა აერთიანებს. ეს რწმენა და ჩვენს შორის კავშირი სამომავლო პარტნიორობაში აისახება.
ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ვაჭრობით არ შემოიფარგლება. გვინდა გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში, სადაც გაერთიანებულ სამეფოს გამოცდილებაც აქვს და უნარიც.
აუცილებელია, რომ დიდი გამოწვევებისა და ცვლილებების წინაშე მყოფსა და მღელვარებით მოცულ დღევანდელ სამყაროში, ვითანამშრომლოთ, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული და გლობალური ორგანიზაციების ფარგლებში, როგორიცაა გაერო, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, ნატო თუ დიდი ოცეული (G20).
ეს მოსაზრება შესაძლოა კლიშედ იქნას აღქმული, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელ გლობალურ გამოწვევებზე - კლიმატის ცვლილება, კიბერდანაშაული, ტერორიზმი თუ უთანასწორობა - კოლექტიური რეაგირებაა საჭირო. რაც უფრო მწყობრად და კოორდინირებულად იმუშავებს გაერთიანებული სამეფო პარტნიორებთან, მით უფრო გაიზრდება ამ გამოწვევებთან ეფექტიანად გამკლავების შესაძლებლობა.
ევროკავშირის პროექტის მთავარი იდეა არის "ერთად უფრო ძლიერნი ვართ"; რესურსებისა და ინიციატივების გაერთიანება საერთო მიზნების მიღწევის საუკეთესო გზაა. ბრექსიტი ამ მოცემულობას არ ცვლის, ჩვენ, 27 ქვეყანა, კვლავ გავაგრძელებთ ამ პროექტის განხორციელებას.
ერთად, 27 წევრი სახელმწიფო გავაგრძელებთ ერთიანი ბაზრის ფორმირებას, რომელიც 450 მილიონ მოქალაქეს და 20 მილიონზე მეტ ბიზნესს მოიცავს.
ერთად, ჩვენ მსოფლიოში უმსხვილეს სავაჭრო ბლოკად ვრჩებით.
ერთად, 27 ქვეყანა, კვლავ ვრჩებით განვითარებაზე მიმართული დახმარების უდიდესი დონორი მსოფლიოში.
გვინდა დავარწმუნოთ პარტნიორები, რომ ამბიციური, სხვადასხვა ქვეყანასთან კავშირებზე ორიენტირებული დღის წესრიგის ერთგულნი ვიქნებით, ვაჭრობის, ინვესტიციების, კლიმატის ცვლილების, ციფრული სფეროს, ტრანსპორტის, უსაფრთხოების, ტერორიზმთან ბრძოლის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატის, თავდაცვისა თუ საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
ვალდებულებების შესრულებას გავაგრძელებთ. გავაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ხელმოწერილი შეთანხმებების შესრულებას. გავაგრძელებთ საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების განხორციელებას. გავაგრძელებთ მთელს მსოფლიოში მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩარჩოების შემუშავებას.
ევროკავშირი კვლავ სანდო პარტნიორი იქნება. წესებზე დაფუძნებული მულტილატერალიზმის მედეგი დამცველი, რომელიც პარტნიორებთან ერთად იმისთვის მუშაობს, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო და სამართლიანი გახდეს.